(1921-2003 გვატემალა)
(Augusto Monterroso Bonilla)
ნოველა
ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა მაიმუნი, რომელმაც მიზნად დაისახა მწერალი, და თანაც მწერალი-სატირიკოსი გამხდარიყო; და რაკი ამისთვის სათანადო ცოდნა-განათლება იყო აუცილებელი, ისიც დიდი მონდომებით შეუდგა საჭირო საგნების სესწავლას; მაგრამ მალე მიხვდა , რომ სატირიკოსს, უწინარესს ყოვლისა, საზოგადოების ყოფა-ცხოვრების, ზნე-ჩვეულებების, ადათ-წესებისა თუ ბუნება-ხასიათის შესწავლა მართებდა; ამიტომ გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო თავისი ნაცნობ-მეგობრები და აღარც დაუყოვნებია, პირდაპირ საქმეს შეუდგა, ანუ დაიწყო მათთან სტუმრად სიარული, არც ერთ კოქტეილის საღამოს არ დააკლდებოდა და სწორედ რომ საზოგადოების შუაგულში ტრიალებდა; ამასობაში ჩუმჩუმად აკვირდებოდა სტუმრებსაც და მასპინძლებსაც, სწავლობდა მათ ქცევას, უსმენდა მათ საუბრებს; მით უმეტეს, კარგი სანახავები იყვნენ, როცა ხელში ჭიქები ეჭირათ და დაბნეულივით აქეთ-იქეთ უაზროდ აცეცებდნენ თვალებს.
მაიმუნი ისედაც საკმაოდ გონებამახვილი გახლდა , თავისი ოხუნჯობითა და მატრაბაზობით, ოინობითა თუ მანჭვა-გრეხითაც გამოირჩეოდა და ამიტომ სულ მალე მიიპყრო ყველას ყურადღება, ყველა ოჯახის სასურველი სტუმარიც გახდა ; თავადაც ბეჯითად ცდილობდა კიდევ უფრო დაოსტატებულიყო, შეძლებისდაგვარად დაეხვეწა თავისი ხელოვნება და მეტი პატივისცემა მოეპოვებინა.
მისი საუბრებით ყველა მოხიბლული იყო და ყოველთვის დიდი გულისყურით უსმენდნენ, განსაკუთრებით ქალბატონი მაიმუნები და მათი მეუღლეები თუ ტყის სხვა ბინადრები. არც თვითონ იყო გულგრილი მათ მიმართ , მიუხედავად იმისა , რომ ზოგჯერ მათი აზრები თუ შეხედულებები საერთაშორისო, ეროვნული, შინაური პოლიტიკისა და საერთოდ, ურთიერთობების შესახებ განსხვავებული იყო. ეს მაინც არ უშლიდა ხელს , რომ მათი სახე ასე თუ ისე წარმოეჩინა თავის სატირულ თხზულებებში; ერთი ხანობა მაიმუნი აღიარეს კიდეც ყოვლისმცოდნედ და მართლაც მის მახვილ თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარებოდა.
ერთ დღესაც მაიმუნმა გადაწყვიტა, რომ უკვე დადგა დრო, ერთი გვარიანი სატირა გამოეცხო და ამჯერად მიზანსი ამოეღო ხელმრუდეები, რომ კარგად გაეწკეპლა; საამისოდ კაჭკაჭები მიიჩნია სამაგალითოდ და დიდი გატაცებით შეუდგა წერას, წინასწარ ტკბებოდა შედეგით, გულიანად იცინოდა და გახარებული დახტოდა ხიდან ხეზე, კაჭკაჭების ოინბაზობებს რომ გაიხსენებდა. მაგრამ უცბად გაახსენდა, რომ მაღალი საზოგადოების იმ წრეში, სადაც მას დიდი პატივით იღებდნენ და მასპინძლობდნენ, საკმაოდ ბლომად იყვნენ კაჭკაჭებიც და ერთი მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა. მაიმუნი საგონებელში ჩავარდა, რამე უნდა ეღონა და რამენაირად ისე შეესწორ- შემოესწორებინა თავისი ნაშრომი, არც კაჭკაჭი გაენაწყენებინა და არც სხვები, თუმცა ვერც ასე ასცდებოდა უსიამოვნებას, რადგან როგორც არ უნდა შეელამაზებინა თავისი სატირა, კაჭკაჭები მაინც იცნობდნენ თავიანთ თავს და მაიმუნმა მაშინვე გადაწყვიტა ხელი აეღო ამ თავის წამოწყებაზე.
მერე იფიქრა, ახლა უპრინციპობა, მერყეობა მაინც უფრო საჭირბოროტო თემააო და არჩევანი გველზე შეაჩერა, რომელიც თავის ქვემძრომობას, ხერხებსა თუ ფანდებს ოსტატურად იყენებდა, თავისი მლიქვნელობითა და გაიძვერობით თანამდებობაც შეენარჩუნებინა და თავის სამსახურებრივ კიბეზე ერთი საფეხურით მაინც მაღლა ასულიყო, მაგრამ მათ შორისაც ჰყავდა მეგობრები, განსაკუთრებით ერთი გველი იყო , რომელსაც შეიძლება უმალვე ეცნო თავისი და მაიმუნმა აიღო ხელი თავის ჩანაფიქრზე.
იფიქრა, იფიქრა მაიმუნმა და მოიფიქრა, რომ თავგამოდებული მუშაკები გაემასხარებინა, აბუჩად აეგდო ისინი, ვითომ მუყაითად რომ შრომობენ, ის კი არ იციან, რისთვის და ვისთვის ირჯებიან, ასეთები კი ფუტკრები იყვნენ მისი თვალით, სწორედ ისინი იყვნენ უაზროდ და უმიზნოდ რომ ფუსფუსებდნენ. მაგრამ მაშინვე გაახსენდა , რომ ფუტკრების მთელ გუნდსაც და მით უმეტეს , ერთ თავის მეგობარ ფუტკარს, ძალზე გაანაწყენებდა; ამიტომ იფიქრა, მათ გულს მოვიგებ, თუ ჭრიჭინობელას შევადარებო, ერთ მათგანს, მართლაც თავკერძა არსებას, რომელიც სიმღერის მეტს არაფერს აკეთებს და ამ უმაქნისს თავი პოეტად კი მოაქვსო. მაგრამ კარგად რომ დაფიქრდა, არც ეს დაუჯდა ჭკუაში და ამჯერადაც ხელი აიღო თავის ჩანაფიქრზე.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ბოლოს გადაწყვიტა ცოდვილ არსებებზე ხომ მაინც შეიძლება დავწეროო და ახლა თავისი ბასრი სატირული კალამი იმ გარყვნილი ქათმების წინააღმდეგ მოიმარჯვა ; შეიძლება კიდეც იყვნენ განსასჯელები და გასაკიცხებიც, მაგრამ მაშინვე გაახსენდა , რამდენჯერ იყო ამ თავის ფრთოსან მეგობრებთან სტუმრად და წარმოიდგინა , როგორ ეწყინებოდათ, რა შეურაცხყოფილად იგრძნობდნენ თავს და დაემდურებოდნენ მას.
ბევრი აღარც უფიქრია და კალამიც მაშინვე დადო. ბოლოს და ბოლოს ღრმად რომ ჩაფიქრდა , კარგად რომ აწონ-დაწონა თავისი მიზანი თუ განზრახვა, უკვე სამუდამოდ ჩაიქნია ხელი ეს საჩემო საქმე არ არისო და მწერალ - სატირიკოსობაზე ფიქრიც კი აიკრძალა.მაგრამ მაინც ვერ მოისვენა და ახლა სხვა თემებზე დაიწყო ფიქრი, თუნდაც მისტიკა, სიყვარული და სხვა მსგავსი რამეები სულაც ურიგო არ იქნებაო, თანაც უსიამოვნებებსაც არ გადამყრისო. მაგრამ მაშინ,-ყველას კარგად მოეხსენება რას ნიშნავს ზნეობა,- ყველამ ერთხმად , წინასწარ შეთანხმებულივით განაცხადა , მაიმუნი ჭკუაზე შემცდარაო და ასევე ყველამ წინასწარ მოლაპარაკებულებივით ერთბაშად მიუხურა კარები, იმ დღიდან აღარც სტუმრად ეპატიჟებოდნენ და აღარც სალამს იმეტებდნ მისთვის.
თარგმნა მერი ტიტვინიძემ.


No comments:
Post a Comment