ფილიპო ტომაზო მარინეტი
ავიატორ-ფუტურისტი მიმართავს თავის მამას ვულკანს
ვულკანო, შენსკენ მოვფრინავ და ღიმილს მგვრის შენი -
მუცლითმეზღაპრის - ავბოროტი, სტომაქიდან ამომავალი,
მძიმე ხარხარი.
შეიგნე, არ ხარ ჩემი მეუფე!
ვიცი, რომ გინდა, ჩემი დაპყრობა,
საცეცებით მოზიდვა და
მდუღარე ლავის ბადეში ჩემი გამომწყვდევა,
როგორც ერთერთი იმ თავკერძი და მეოცნებე ყმაწვილთაგანის,
შენს კალთებზე რომ მოცოცავენ
უტყვი დაისის უსაშინლეს კაეშანთან შესახვედრად,
ვიდრე სიცილით ყბა გერყევა
და ჯოჯოხეთურ მიწისძვრებად მიმოირწევი!
სიმბოლოები და წინასწარმეტყველებები მე არ მაშინებს,
შენი უძირო სივრცეები და მუქარები
მე არ მაძრწუნებს,
თუმცა კი ძალგიძს უზარმაზარი ქალაქები სპილენძის და ოქროს მკერდქვეშ
დაისამარო, ფერფლად აქციო,
შედედებულ სისხლში მოგუდო!
მე გახლავარ ფუტურისტი_ ყოვლისშემძლე და უძლეველი,
მოუღლელი და გააფთრებული გულით ზეცას ზიარებული.
მე საპატიო სტუმარი ვარ ავრორას სუფრის
და ვტკბები მისი ფერადოვანი ნაყოფის ცქერით,
ბომბების მხრჩოლავ პირამიდებს- შუადღეებს გადავუქროლებ,
სისხლისგან დაცლილ, გაქცეულ ჯარებს, დაისებს მივდევ,
სევდიან და მოვაგლახე მწუხრიჟამებს უკან ვტოვებ.
ეტნა! ვინ შეძლებს ჩემზე უკეთ და გაბედულად
მწვერვალზე როკვას და უდარდელად მიმორბენას
შენი უძირო უფსკრულის თავს,
ჩემს ფეხქვეს რომ- ძალიან შორს-მძვინვარედ ბრდღვინავს?
აი, ვეშვები, წითელი კვამლის შემზარავ ბოლქვებს,
შენი მხუთავი, გოგირდოვანი სუნთქვის ტალღებს
რომ შევერიო.
მესმის შენი უსაზღვრო მუცლის
მოგუდული გუგუნი და საშინელი გრგვინვა-გრუხუნი;
მიწისქვეშა დედაქალაქნი, მესმის , უფსკრულში
ზათქით როგორ დაინთქმებიან.
მაგრამ მე მიწის ეს უმწეო მრისხანება რას გამაკვირვებს?
ნახშიროვან-კუპრისფერი მისი სუნთქვა ამაოდ ცდილობს
ჩემს ამოგდებას და ღრუბელთა ზემოთ ატყორცნას!
მტკიცედ მიპყრია ხელთ ბერკეტები.
მე ვლივლივებ შენს გულისგულში, შენს ბნელ ხახაში,
მაღალ მთათა მსგავსად ამართულ
შენს გიგანტურ ბაგეებს შორის.
უფრო და უფრო ქვემოთ ვეშვები.
უფრო და უფრო მჭიდროვდება ჩემს გარშემო
შემზარავად დაბერილი შენი ღრძილები...
ო, საკვირველი ეს ტყე , სადაც
მსუბუქი და ცვალებადი კვამლის უცხო და
ბუნდოვანი მცენარეები დამკვიდრებულან!
ხოლო შენ მათ ისე არხევ, როგორც ვეება ცისფერ ულვაშებს...
ო, ვულკანო!
ფოსფორული მეჭეჭებით დატვირთული ეგ ნიღაბი ჩამოიგლიჯე,
აამოძრავე უზარმაზარი შენი სახის მძლავრი კუნთები,
და იღაღადე, განჭვრიტე და თქვი რამ ჩემი ბედის შესახებ,
მაუწყე - რაა, ჩემი თაობის მიზანი და დანიშნულება?


No comments:
Post a Comment