Friday, May 22, 2020

" მაიმუნი, რომელმაც გადაწყვიტა, მწერალი- სატირიკოსი გამხდარიყო"


                                                   
                                                     (1921-2003  გვატემალა)
                                                   (Augusto Monterroso Bonilla)

                                           ნოველა

      ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა მაიმუნი, რომელმაც მიზნად დაისახა მწერალი, და თანაც მწერალი-სატირიკოსი გამხდარიყო; და რაკი ამისთვის სათანადო ცოდნა-განათლება იყო აუცილებელი, ისიც დიდი მონდომებით შეუდგა საჭირო საგნების სესწავლას; მაგრამ მალე მიხვდა , რომ სატირიკოსს, უწინარესს ყოვლისა,  საზოგადოების ყოფა-ცხოვრების,  ზნე-ჩვეულებების, ადათ-წესებისა თუ ბუნება-ხასიათის შესწავლა მართებდა; ამიტომ გადაწყვიტა  უფრო ახლოს გაეცნო თავისი ნაცნობ-მეგობრები და აღარც დაუყოვნებია, პირდაპირ საქმეს შეუდგა, ანუ დაიწყო მათთან სტუმრად სიარული, არც ერთ კოქტეილის საღამოს არ დააკლდებოდა და სწორედ რომ საზოგადოების შუაგულში ტრიალებდა; ამასობაში ჩუმჩუმად აკვირდებოდა სტუმრებსაც და მასპინძლებსაც, სწავლობდა მათ ქცევას, უსმენდა მათ საუბრებს; მით უმეტეს, კარგი სანახავები იყვნენ, როცა ხელში ჭიქები ეჭირათ და დაბნეულივით აქეთ-იქეთ უაზროდ აცეცებდნენ თვალებს.
    მაიმუნი ისედაც საკმაოდ  გონებამახვილი  გახლდა , თავისი ოხუნჯობითა და მატრაბაზობით, ოინობითა თუ მანჭვა-გრეხითაც გამოირჩეოდა და ამიტომ სულ მალე მიიპყრო ყველას ყურადღება, ყველა ოჯახის სასურველი სტუმარიც  გახდა ; თავადაც ბეჯითად ცდილობდა კიდევ უფრო დაოსტატებულიყო, შეძლებისდაგვარად დაეხვეწა თავისი ხელოვნება და მეტი პატივისცემა მოეპოვებინა.
     მისი საუბრებით ყველა მოხიბლული იყო და ყოველთვის დიდი გულისყურით უსმენდნენ, განსაკუთრებით ქალბატონი მაიმუნები და მათი მეუღლეები თუ ტყის სხვა ბინადრები. არც თვითონ იყო გულგრილი მათ მიმართ , მიუხედავად იმისა , რომ ზოგჯერ მათი აზრები თუ შეხედულებები საერთაშორისო, ეროვნული, შინაური პოლიტიკისა და საერთოდ, ურთიერთობების შესახებ განსხვავებული იყო. ეს მაინც არ უშლიდა ხელს , რომ მათი სახე ასე თუ ისე წარმოეჩინა თავის სატირულ თხზულებებში; ერთი ხანობა მაიმუნი აღიარეს კიდეც ყოვლისმცოდნედ და მართლაც მის მახვილ თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარებოდა.
       ერთ დღესაც მაიმუნმა გადაწყვიტა, რომ უკვე დადგა დრო, ერთი გვარიანი სატირა გამოეცხო და ამჯერად მიზანსი ამოეღო ხელმრუდეები, რომ კარგად გაეწკეპლა; საამისოდ კაჭკაჭები მიიჩნია სამაგალითოდ და დიდი გატაცებით შეუდგა წერას, წინასწარ ტკბებოდა შედეგით, გულიანად იცინოდა და გახარებული დახტოდა ხიდან ხეზე, კაჭკაჭების ოინბაზობებს რომ გაიხსენებდა. მაგრამ უცბად გაახსენდა, რომ მაღალი საზოგადოების იმ წრეში, სადაც მას დიდი პატივით იღებდნენ და მასპინძლობდნენ, საკმაოდ ბლომად იყვნენ კაჭკაჭებიც და ერთი მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა. მაიმუნი საგონებელში ჩავარდა, რამე უნდა ეღონა   და რამენაირად ისე შეესწორ- შემოესწორებინა თავისი ნაშრომი, არც კაჭკაჭი გაენაწყენებინა და  არც სხვები, თუმცა ვერც ასე ასცდებოდა უსიამოვნებას, რადგან როგორც არ უნდა შეელამაზებინა თავისი სატირა, კაჭკაჭები მაინც იცნობდნენ თავიანთ თავს და მაიმუნმა მაშინვე გადაწყვიტა ხელი აეღო ამ თავის წამოწყებაზე.
       მერე იფიქრა, ახლა უპრინციპობა, მერყეობა მაინც უფრო საჭირბოროტო თემააო და არჩევანი გველზე შეაჩერა, რომელიც თავის ქვემძრომობას, ხერხებსა თუ ფანდებს ოსტატურად იყენებდა, თავისი მლიქვნელობითა და გაიძვერობით თანამდებობაც შეენარჩუნებინა და თავის სამსახურებრივ კიბეზე ერთი საფეხურით მაინც მაღლა ასულიყო, მაგრამ მათ შორისაც ჰყავდა მეგობრები, განსაკუთრებით ერთი გველი იყო , რომელსაც შეიძლება უმალვე ეცნო თავისი და მაიმუნმა აიღო ხელი თავის ჩანაფიქრზე.
      იფიქრა, იფიქრა მაიმუნმა და მოიფიქრა, რომ თავგამოდებული მუშაკები გაემასხარებინა, აბუჩად აეგდო ისინი, ვითომ მუყაითად რომ შრომობენ, ის კი არ იციან, რისთვის და ვისთვის ირჯებიან, ასეთები კი ფუტკრები იყვნენ მისი თვალით, სწორედ ისინი იყვნენ უაზროდ და უმიზნოდ რომ ფუსფუსებდნენ. მაგრამ მაშინვე გაახსენდა , რომ ფუტკრების მთელ გუნდსაც და მით უმეტეს , ერთ თავის მეგობარ ფუტკარს, ძალზე გაანაწყენებდა; ამიტომ იფიქრა, მათ გულს მოვიგებ, თუ ჭრიჭინობელას შევადარებო, ერთ მათგანს, მართლაც თავკერძა არსებას, რომელიც სიმღერის მეტს არაფერს აკეთებს და ამ უმაქნისს თავი პოეტად კი მოაქვსო. მაგრამ კარგად რომ დაფიქრდა, არც  ეს დაუჯდა ჭკუაში და ამჯერადაც ხელი აიღო თავის ჩანაფიქრზე.
   ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ბოლოს გადაწყვიტა ცოდვილ არსებებზე ხომ მაინც შეიძლება დავწეროო და ახლა თავისი ბასრი სატირული კალამი იმ გარყვნილი ქათმების წინააღმდეგ მოიმარჯვა ; შეიძლება კიდეც იყვნენ განსასჯელები და  გასაკიცხებიც, მაგრამ მაშინვე გაახსენდა , რამდენჯერ იყო ამ თავის ფრთოსან მეგობრებთან სტუმრად  და წარმოიდგინა , როგორ ეწყინებოდათ, რა შეურაცხყოფილად იგრძნობდნენ თავს და დაემდურებოდნენ მას.
   ბევრი აღარც უფიქრია და კალამიც მაშინვე დადო. ბოლოს და ბოლოს ღრმად რომ ჩაფიქრდა , კარგად რომ აწონ-დაწონა თავისი მიზანი თუ განზრახვა, უკვე სამუდამოდ ჩაიქნია ხელი ეს საჩემო საქმე არ არისო და მწერალ - სატირიკოსობაზე ფიქრიც კი აიკრძალა.მაგრამ მაინც ვერ მოისვენა და ახლა სხვა თემებზე დაიწყო ფიქრი, თუნდაც მისტიკა, სიყვარული და სხვა მსგავსი რამეები სულაც ურიგო არ იქნებაო, თანაც უსიამოვნებებსაც არ გადამყრისო. მაგრამ მაშინ,-ყველას კარგად მოეხსენება რას ნიშნავს ზნეობა,- ყველამ ერთხმად , წინასწარ შეთანხმებულივით განაცხადა , მაიმუნი ჭკუაზე შემცდარაო და ასევე ყველამ წინასწარ მოლაპარაკებულებივით ერთბაშად მიუხურა კარები, იმ დღიდან აღარც სტუმრად ეპატიჟებოდნენ  და აღარც სალამს იმეტებდნ მისთვის.

თარგმნა მერი ტიტვინიძემ.


                                                             

Thursday, May 14, 2020

მანდარინები



                                                           აკუტაგავა


ზამთრის პირქუში მწუხრი ჩამოწოლილიყო. ეკოსუკატოკიოს მატარებლის მეორე
კლასის ვაგონის კუთხეში ვიჯექი და მოუთმენლად ველოდი გამგზავრების მაუწყებელ
სასტვენის ხმას. სინათლე კარგა ხანია რაც ჩართეს, მაგრამ მგზავრთაგანი ჩემს მეტი ვაგონში
აღარავინ ამოდიოდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარეთაც, ნახევრად ჩაბნელებულ ბაქანზე;
გამცილებლებიც კი არ ჩანდნენ. მხოლოდ დროდადრო, საწყალობლად თუ დაიწკმუტუნებდა
გალიაში დამწყვდეული ძაღლი. ყოველივე ეს საოცარი ჰარმონიით ერწყმოდა ჩემს
მაშინდელ გუნება-განწყობილებას. ენით უთქმელი დაღლილობა და კაეშანი გონებას
მიბინდავდა, მოქუშული ვიყავი თოვლიან ცასავით. გაუნძრევლად ვიჯექი პალტოს ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი და იმის ილაჯიც კი აღარა მქონდა, ჯიბიდან საღამოს გაზეთი ამომეღო  ამომეღო და
გადამეხედა.
როგორც იქნა, გაისმა სასტვენის ხმა. ოდნავი შვება ვიგრძენი, თავი სარკმლის ჩარჩოს
მივაყრდენი და ველოდი, როდის გაცურდებოდა უკან და გაუჩინარდებოდა სადგური
სარკმლის მიღმა. ამ დროს ტურნიკების მხრიდან, ბაქანზე, გეტას ბაკაბუკი მოისმა და იამვე
წამს კონდუქტორის ბრაზიანი შეძახილიც გავიგონე; ხარხარით გაიღო კარი და ვაგონში
ქოშინით შემოვიდა ცამეტი-თოთხმეტი წლის გოგო. მატარებელიც მაშინვე შეძაგძაგდა და
ნელა დაიძრა. ფანჯრიდან მოჩანდა უკან დახეული, მიჯრით ჩაყრილ ბოძებს შორის
აფართქალებული სივრცე, თითქოს ვიღაცისგან მიტოვებული და მივიწყებული წყლის საზიდი
ურიკა, მებარგული, მატარებელში ვიღაცას თავს უკანტურებდა... ყოველივე ეს ნაცრისფერი
ბოლის ბოლქვებში გახვეულიყო. შვებით ამოვისუნთქე, პაპიროსი გავაბოლე და ჩემს პირდაპირ ჩამომჯდარი გოგო შევათვალიერე.
ნამდვილი სოფლელი გომბიო გახლდათ. ხეშეშ თმაზე, „იტიოგაესის“ ვარცხნილობით
რომ დაელაგებინა, ცხიმის ნიშანწყალიც არ ემჩნეოდა. ნაყვავილარი, დამსკდარი ღაწვები ისე
დაბრაწოდა, უსიამო შთაბეჭდილებას ტოვებდა. მუხლებზე, დაუდევრად რომ
ჩამოკონწიალებოდა შალის ჭუჭყიანი, მწვანე შარფი, მოზრდილი ფუთა ედო. დამზრალ
ხელში საგულდაგულოდ ეჭირა მესამე კლასის ვაგონის წითელი ბილეთი. თვალში არ
მომდიოდა გოგოს ტეტიური სიფათი, გარდა ამისა, მისმა ბინძურმა ჩაცმულობაც შემზარა. და
ბოლოს, ძალზე გამაღიზიანა თავისი სიბენტერით – მეორე და მესამე კლასის ვაგონები რომ
ვერ გაერჩია ერთმანეთისგან. ვეწეოდი პაპიროსს და ვცდილობდი, დამევიწყებინა გოგოს
არსებობა. ამასთან, რაკი უსაქმოდაც გახლდით, გაზეთი გავშალე. უცებ, სარკმლიდან გაზეთზე
დაფრქვეულ შუქს სიკაშკაშე მოემატა და აქამდე ძნელად შესამჩნევი სტრიქონებიც უფრო
მკაფიოდ გამოისახა. მატარებელმა, როგორც ჩანს, იოკოსუკას ხაზის მრავალრიცხოვან
გვირაბთაგან პირველში ჩაყვინთა.
ელნათურების შუქით გაბრდღვიალებულ გაზეთის გვერდებში საინტერესოს ვერაფერს
ვხედავდი; ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდებოდა, ძალზე ბანალური იყო იმისათვის, რომ ჩემი
სევდა გაექარვებინა. მშვიდობის ხელშეკრულების საკითხები, ახალდაქორწინებულები, კვლავ
ახალდაქორწინებულნი, ჩინოვნიკთა მექრთამეობის შემთხვევები, განცხადებები
მიცვალებულთა შესახებ... ისეთი უცნაური ილუზია შემექმნა, თითქოს გვირაბში შესული
მატარებელი საწინააღმდეგო მიმართულებით გაექანა და უნებლიედ ერთი მოსაბეზრებელი
წერილიდან მეორეზე გადამქონდა მზერა. და მაინც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, წამითაც
ვერ დამევიწყებინა ჩემს წინ მჯდომი გოგო – ჩვენი არსობის უღიმღამო სინამდვილის
ცოცხალი განსახიერება. და ყველაფერი ეს ერთად – გვირაბში მოგრიალე მატარებელი,
სოფლელი გომბიოცა და ბანალური სტატიებით გაჭედილი გაზეთიც, მეტი რა იყო, თუ არა
ჩვენი გაურკვეველი, უბადრუკი და მოსაბეზრებელი ცხოვრების თავისებური სიმბოლო?
ყოველივე უაზროდ მეჩვენება. წაუკითხავი გაზეთი გვერდზე მივაგდე, თავი კვლავ ფანჯრის
ჩარჩოს მივაყრდენი, თვალი მივლული და თვლემას მივნებდი.
გავიდა რამდენიმე წუთი. რაღაცამ დაფეთიანებულივით წამომაგდო და რას ვხედავ:
გოგოს თავისი ადგილი მიუტოვებია, გვერდით ამომდგომია და ჯიუტად ცდილობს სარკმლის
გაღებას, მაგრამ მძიმე ჩარჩო არ ნებდება. კიდევ უფრო აწითლებოდა დახეთქილი ლოყები,
წამდაუწუმ სრუტუნებდა და მძიმედ ხვნეშოდა ფანჯარას შეჭიდებული. გორაკთა ფერდობები,
რომლებზედაც ბინდბუნდში გადამჭკნარი ბალახი ბზინავდა, კვლავ ვიწროვდებოდა და ორივე
მხრიდან სარკმლებისკენ მოიწევდა... ადვილი მისახვედრი იყო, რომ მატარებელი მომდევნო
გვირაბში დაყვინთავდა. გოგო არ ცხრებოდა, საგანგებოდ დაკეტილი ფანჯრის გაღებას
ლამობდა ისევ. მაგრამ რატომ, ეს კი ვერ გამეგო. მისმა ამაო გარჯამ თანაგრძნობითაც კი
განმაწყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ჭირვეულობად ჩავუთვალე. კვლავ
ადრინდელი გულგრილობითა და პირქუშად შეცქეროდი, როგორ ეხეთქებოდა თავისი
დამზრალი ხელებით ფანჯარას და როგორ ლამობდა მის ჩამოწევას.
ის იყო, ვინატრე, ვერ მიეღწია საწადელისთვის, რომ მატარებელი შემზარავი გრიალით
შევარდა გვირაბში და იმავე წამს ჩარჩოც, რომლის ჩამოშვებაზეც ასე წვალობდა გოგო,
დაბლა ჩამოეხეთქა. ფანჯრის მართკუთხა ღიობში უმალ მახრჩობელა ბოლად ქცეული შავი,
ჭვარტლით შესქელებული ჰაერი შემოიჭრა და მთელ ვაგონში ჩაიღვარა. სახეზე
ცხვირსახოცის აფარებაც ვერ მოვასწარი, რომ ბოლის ტალღა თავზე გადამევლო და წლების
მანძილზე ყელის ტკივილისაგან გაწამებულს, ისეთი ხველა ამიტყდა, ლამის დავიხრჩვი. გოგო
ყურადღების ღირსად არ მხდიდა, ფანჯარაში გაეყო თავი, არაფრად აგდებდა ქარს, თმას
რომ უწეწავდა და წინ იყურებოდა, მატარებლის სვლის მიმართულებით. შევცქეროდი მას,
ბოლსა და ელექტროშუქში გახვეულს და ფანჯრიდან დღის სინათლე რომ არ
გამოჩენილიყო, რომ არ შემოჭრილიყო მიწის, თივისა და წყლის მაცოცხლებელი სურნელი,
და ხველება არ შემწყდომოდა, ალბათ ლაზათიანად გამოვლანძღავდი და ფანჯარასაც ისე
ჩავუკეტავდი, თავის დღეში ვეღარ გაეღო.
გვირაბიდან მდორედ გამოცურებული მატარებელი ახლა ღარიბული გარეუბნის
გადასასვლელზე მიგრიალებდა, ორივე მხრიდან გამხმარი ბალახით დაფარული გორაკები
რომ ეკრა. გარემო ჩალითა და კრამიტით გადახურულ, ერთმანეთზე მიჯრილი სახლების
უსუფთაო სახურავებს აევსო; აგერ მეისრეც გამოჩნდა, უნდილად რომ აქნევდა ბინდში თავის
თეთრ ალამს. როგორც კი მატარებელი გვირაბიდან გავიდა, შლაგბაუმის მიღმა, უდაბურ
გადასასვლელთან, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული სამი ლოყებღაჟღაჟა ბიჭუნა
დავინახე. ერთი სიმაღლისანი იყვნენ, ჩია ტანისანი, თითქოს მოღუშულ ცას დაეტანა სამთავე.
ტანსაცმელიც იმავე ფერისა ემოსათ, რა ჯანღისფრადაც გამოიყურებოდა ეს გარეუბანი ბავშვებს თვალი ვერ მოეწყვიტათ მატარებლისთვის; მერე ერთდროულად ასწიეს ხელები და
მისალმებისმაგვარი რაღაც შეჰყვირეს მთელი ხმით. სწორედ ამ დროს მოხდა მოულოდნელი
რამ: ფანჯარაში მთელი ტანით გადახრილმა გოგომ წინ გაწვდილი დამზრალი ხელების
ქნევა იწყო და უცებ ბავშვებს, მატარებელს რომ მიაცილებდნენ მზერით, თავზე გადააცვივდათ
რამდენიმე ცალი მანდარინი, რომლის ფერშიც მზე და სითბო გამოსჭვიოდა; უნებურად გული
ამითრთოლდა და სუნთქვა შემეკრა...
ახლაღა მივხვდი ყველაფერს... გოგონას, რომელიც ალბათ სამუშაოს საძებნელად
მიეშურებოდა, გასაცილებლად გამოსული ძმებისთვის საგანგებოდ შემოენახა უბეში
მანდარინები...
მწუხრში ჩაძირულმა გადასასვლელმა, ბეღურებივით აჟივჟივებულმა სამმა ბიჭუნამ და
მათთვის გადაყრილმა მანდარინების ცინცხალმა ელვარებამ თვალის დახამხამებაში
ჩაიქროლეს ფანჯრის მიღმა. მტკივნეული სიცხადით ჩამებეჭდა გულში ეს სურათი... ვიგრძენ,
როგორ ჩამეღვარა სულში ჯერაც გაურკვეველი, ნათელი გრძნობა. აღელვებულმა თავი
წამოვწიე და უკვე სხვა თვალით დავინახე გოგო. იგი თავის ადგილზე დაბრუნებული,
უწინდებურად მალავდა დახეთქილ ღაწვებს შალის მწვანე შარფში, მოზრდილ ფუთას
ჩასჭიდებოდა და მაგრად ჩაებღუჯა ხელში მესამე კლასის ვაგონის ბილეთი.
ახლაღა შევძელ, დროებით დამევიწყებინა დაღლილობა, კაეშანი და ჩვენი იდუმალი,
უბადრუკი და მოსაწყენი ცხოვრება.


აპრილი, 1919წ.

ბავშვები შარაგზაზე


                                                                    ფრანც კაფკა

                                  


გავიგონე, როგორ ჩაუარა ბაღის გისოსებს ურემმა, აქა­-იქ გამოჩნდა კიდეც მოშრიალე
ფოთლების სიმეჩხრეში. როგორ ჭრიალებდა ზაფხულის სიმხურვალეში რვალი და ბორბლის
მანა! მუშები ბრუნდებოდნენ მინდვრებიდან, იცინოდნენ, და მერე როგორ! სამარცხვინო იყო ეს
ყველაფერი.
ვიჯექი ჩვენს პატარა საქანელაში, ჩემი მშობლების ბაღის ხეებს შორის, ვისვენებდი.
გისოსების წინ კი არ წყდებოდა მოძრაობა . ჯერ ბავშვებმა ჩაირბინეს, გაუჩინარდნენ; ახლა
ყვავილების კვლები აღმოჩნდა ძნებით დატვირთულ ურმებზე მოკალათებული ქალებისა და
მამაკაცების ჩრდილში ; საღამოსკენ გამოჩნდა დინჯად მოსეირნე ხელჯოხიანი მამაკაცი ,
მოპირდაპირე მხრიდან კი ­ ხელიხელგაყრილი გოგონების წყვილი , შემოხვდნენ ერთმანეთს,
გოგონებმა გაუღიმეს და, ღიმილიანებმა, გზიდან მოლზე გადაუხვიეს.
აფრინდნენ ჩიტები , ნაპერწკლებივით გაიფანტნენ ცაში . გავაყოლე მზერა, ვხედავდი როგორ
მიიწევდნენ ზევით , შეუსვენებლივ, ვუყურებდი დიდხანს, მანამ, სანამ არ მომეჩვენა, რომ ისინი
კი არ მიიწევდნენ აღმა , არამედ მე ვეშვებოდი დაღმა და, თოკებს ელჩაკიდულმა, დავიწყე
მსუბუქი რწევა ­ თავბრუ, სისუსტე თითქოს ამაში პოვებდა შვებას. ძალა დამიბრუნდა, უფრო
ენეტგიულად ვქანაობდი , ქროდა შემხვედრი ნიავი, სულ უფრო გრილი, და ჩემი მზერის წინაშე
ჩიტების პროლის ნაცვლად აღმართული მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.
ვვახშმობდი სანთლის შუქზე . ხშირად ვეყრდნობოდი ხელებით მაგიდას , და უკვე დაღლილმა
ჩავკბიჩე ბუტერბროდი. თბილი სიოს ნავარდით აფორიაქებული ფარდები კედლებს აწყობდნენ ,
ფანჯრის ღიობში შემოჭრილს სიოში იბერებოდნენ , გარეთ იწევდნენ, სადაც, დროდადრო,
აკავებდათ ჩემი უკეთ დანახვის თუ დალაპარაკების მსურველი გამვლელი . მალე ჩაქრა
თითქმის ყველა სანთელი და აღმავალ ბოლში ჩანდა , როგორ ირეოდა ქინქილით ჰაერში.
ფანჯარაში მავანმა რაღაც მკითხა და შევხედე , თითქოს მთაგრეხილებს ვუყურებდი ან ცას
მივჩერებოდი, არც ის ჩანდა პასუხით დიდად დაინტერესებული.
ამოხტა ერთი ფანჯრის მოაჯირზე და მამცნო , რომ სხვები უკვე სახლის წინ შეგროვილიყვნენ.
წამოვდექი, ზანტად, ხვნეშით, რა თქმა უნდა.
„არა, რატომ ხვნეში ასე? რა მოხდა? ეს რაღაც გამორჩეული, გამოუსწორებელი უბედურებაა
და არაფერი ეშველება? მართლაც ამაო და უიმედოა ყველაფერი?“
არც არაფერი იყო დაკარგული . მივრბოდით სახლის წინ . „მადლობა უფალს, როგორც იქნა,
მოხვედით!“ –„როგორც ყოველთვის, აგვიანებ!“ „მაონცდამაივ მე ?“ –„სწორედ შენ, თუ
წამოსვლა არ გინდა შეგიძლია შინ დარჩე “. „არავითარი შენდობა ?“ –„რა? არავითარი
შენდობა? უყურე ამას?“
საღამოს მივაპობთ თავებით . აღარავიტარი დღისით თუ ღამით . ეხახუნებიან ერთმანეთს
ჟილეტის ღილები . თითქოს კბილები იყოს, ხან კი მივრბივართ ერთმანეთისგან თანაბარი
დაშორებით, პირი ­ ცეცხლისმფრქვეველი ნადირი ტროპიკებში . როგორც ძველი დროის
კირასირები შორეულ ომებში მძიმე ნაბიჯებით მივაჭენებთ მაღლა , ჰაერში, ერთმანეთის
მიყოლებით ჩავირბინეთ პატარა ქუჩა და ფეხებში მოზღვავებული ენერგიის ინერციით
ავირბინეთ შარაგზა . ზოგი გზიდან გადავიდა და, გვერდზე ადევნებული მიწის თხრილში
აღმოჩენილი, ცოტა ხნით გაქრა, ფერდობს მოეფარა, რათა კვლვავ გამოჩენილიყო მინდორში
გაკვამლულ გზაზე, როგორც უცხო და ქვევით გადმოეხედა.
„ჩამოდით დაბლა !“ – „ჯერ მაღლა ამოდით!“ – „რათა უკან ჩამოგვაგდოთ? ნურას უკაცრავად,
ნუთუ ასეთი მიამიტები ვჩანვართ ?“ –„ ასეთი მშიშრები, გინდათ თქვათ. აბა, მოდით თუ ბიჭები
ხართ, მოდით!“ „მართლა? თქვენ? სწორედ თქვენ გადმოგვყრით დაბლა ? მაშ, ვნახოთ,
როგორი სანახავი იქნებით?“
თავს დავესხით , მკერდში საპასუხო დარტყმამ კი ძირს დაგვყარა და დავწექით თხრილში,
ბალახზე, გავერთხეთ მიწაზე , უკვე ნებაყოფლობით. ყველგან ერთგვარი, თანაბარი სითბო,
ბალახში გაქრა თბილისა და ცივის შეგრძნება, მხოლოდ დაღლილობა გვახსენებდა თავს.
გადაწვებოდი მარჯვნივ , ხელს ყურის ქვეშ ამოიდებდი და მაშინვე ძილი გერეოდა. მართალია,
მოგინდებოდა წამოხტომა, აი, უკვე მაღლაა ნიკაპი, და, ­ უფრო ღრმად ვარდებოდი თხრილში.
შემდეგ: ხელის გვერდძე გაწევა , ფეხების მკვეთრი გაქნევით ჰაერში წამოწევა, მაგრამ
კვლავაც თხრილში ხარ, კიდევ უფრო ღრმად. და ასე უსასრულოდ.
თუ როგორ გაიჭიმები მთელ სიგრძეზე , განსაკუთრებით მუხლებში , მოეწყობი დასაძინებლად
შენს უკანასკნელ და სამუდამო თხრილში , ამაზე არც კი ფიქრობ და წევხარ ზურგზე, ტირილის
გუნებაზე, თითქოს ავადმყოფი იყო. გაიელვა ფიგურამ და შენც, შემკრთალი, თვალებს
ახამხამებ, ფერდობიდან გამდომხტარმა ყმაწვილმა, მჭიდროდ რომ შემოუწყვია თეძოებზე
ხელები, თავზე გადაგვიფრინა, მუქი ფეხსაცმლის ლანჩები დაგვანახა და დაეშვა გზაზე.
ჰორიზონტზე ამოვიდა მთვარე , არცთუ მაღლა, მის სინათლეში კი ეკიპაჟს მოვკარით თვალი,
მალევე რომ ჩაგვიარა , გაუჩინარდა. დაქროლა სიომ,აღწევდა თხრილშიც, მასთან ერთად
ახლო ტყიდან გამოყოლილი ხეთა სურნელი. და აღარც მარტოობა ისე მძიმე.
„სად ხართ ?“ – „აქეთ!“ – „ყველა ერთად!“ – „რას იმალები, ნუ სულელობ!“ – „არ იცით, რომ
ფოსტამ უკვე ჩაიარა ?“ – „ო, არა! უკვე?“ – „რა თქმა უნდა, როდესაც გეძინა“. – „მეძინა? ეს რა
ძილია, ისე, არაფერი!“ – „გაჩუმდი, ისედაც სახეზე გაწერია“. – „მაგრამ გთხოვ“. – „წავედით!“
მივრბივართ მჭიდრო სიახლოვეში , ზოგიერთი ერთმანეთს ხელსაც კი აწვდენს, იყო ციცაბო
თავდაღმართი ­ თავს ვერ აწევდი მაღლა. ერთმა დასცა ინდიელების საომარი ყიჟინა , ახლა
ოთხით მივრბივართ, აღმატებული ძალით ფეხებში და ნახტომებისას თეძოებში გვიბერავს
ქარი. ვერაფერი შეგვაჩერებდა; სირბილით აღგზნებულები, გადახტომისას ხელებს
გადავაჭდობდით და ირგვლივ მშვიდად მიმოვიხედავდით.
შევჩერდით მთის ნაკადულზე გადებულ ხიდზე ; დაწინაურებულები მობრუნდნენ. დაბლა, ქვებზე,
ფესვებზე წყალი ეხეთქებოდა , თითქოს არ იყო უკვე გვიანი საღამო. არ ჩანდა მიზეზი, თუ
რატომ არ უნდა ამხტარიყავი ხიდის მოაჯირზე.
შორს, ბუჩქებს მიღმა გამოჩნდა მატარებელი, ყველა კუპე ჰქონდა განათებული, ფანჯრები ­
ჩამოშვებული. ჩვენ შორის ერთ­ერთმა წამოიწყო ქუჩური სიმღერა , გაცვეთილი,
მოყირჭებული, და ყველას მოგვინდა ხმის აყოლება. ავყევით, ავაჩქარეთ, თითქოს
მატარებელს მივაყოლეთ, მას გავაყოლეთ, ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და ასე რწევით
გავაცილეთ ვაგონები და რადგან ხმა აღარ გვყოფნიდა , აირია სიმღერის სიმწყობრე. ყველა
თავისთვის ცდილობდა და ეს ყველას სიხარულს გვანიჭებდა . როდესაც შეწყობილი
სიმღერისას შენს ხმას სხვებისას უხამებ ­ თითქოს ანკესზე იყო წამოგებული.
ვმღეროდით ასე , ზურგით ტყისკენ, და ის ისმოდა შორს, ტყეში, ესმოდათ მგზავრებს, მათ
დადევნებული სიმღერა . სოფელში მოზრდილები ჯერ კიდევ ფხიზლობდნენ , დედები ღამისთვის
ასწორებდნენ ლოგინებს.
დრო იყო . ვაკოცე მას, ჩემ გვერდით მდგომს, გავუწოდე დანარჩენ სამს ხელები, გავიქეცი
უკან, არავის დაუძახია. პირველსავე გზაჯვარედინზე, იქ, სადაც ვეღარ მხედავდნენ,
შემოვტრიალდი და მინდვრის გზებით პირი ისევ ტყისკენ ვიბრუნე . სამხრეთით, ქალაქისკენ
მივისწრაფოდი, ჩვენ სოფელში რომ უყვართ თქმა:
„იცოდე, იქ ხალხია! ვისაც არ სძინავს!“
„და რატომ?“
„არ იღლებიან.“
„ნეტა რატომ?“
„იმიტომ რომ შერეკილები არიან“.
„შერეკილები არ იღლებიან?“
„აბა, შერეკილები როგორ დაიღლებიან!“

Wednesday, May 13, 2020

ევროპული და ამერიკული პოეზია

                                       

                                          " 42-ის ივნისში ვმგზავრობდი

                                                                   ხრისტა მოოგი

ყოველთვის მატარებლით სანაპიროს გასწვრივ
გენუადან მაროკოს
ნიცას და კანის გავლით
მარსელში
იქედან
მეცისკენ
მაშინ ომი იყო
და მაინც
ხმეთაშუა ზღვა 
ნანახი უნდა გქონდეს!"

                                                                                         თარგმნა დ. ბარბაქაძემ

ევროპული და ამერიკული პოეზია

                                          ნ ა თ ლ ო ბ ა                         

                                                                   ჟორჟი დე სენა


ყველაზე ძნელი სიყვარულზე დაწერილი ლექსებიდან ის ლექსებია,
სიყვარული სადაც აზროვნებს.

ფიქრებში გართულს ავიწყდება,
ავიწყდება რომ არ არსებობს და მონუსხული მისჩერებია
ბრიზის სუნთქვაში გაბრწყინებულ იდუმალ ნათელს.

იფიქრე, იფიქრე, სიყვარულო, 

იქნებ, მართლა მოიფიქრო  ის სახელი,  სხივს რომელიც დაასახელებს.



                                                                 თარგმნა დ. ბარბაქაძემ

   

ევროპული და ამერიკული პოეზია





ფილიპო  ტომაზო  მარინეტი

                               ავიატორ-ფუტურისტი მიმართავს თავის მამას ვულკანს

ვულკანო, შენსკენ მოვფრინავ და ღიმილს მგვრის შენი -
მუცლითმეზღაპრის - ავბოროტი, სტომაქიდან ამომავალი, 
მძიმე ხარხარი.
შეიგნე, არ ხარ ჩემი მეუფე!
ვიცი, რომ გინდა, ჩემი დაპყრობა,
საცეცებით მოზიდვა და 
მდუღარე ლავის ბადეში ჩემი გამომწყვდევა, 
როგორც ერთერთი იმ თავკერძი და მეოცნებე ყმაწვილთაგანის,
შენს კალთებზე რომ მოცოცავენ
უტყვი დაისის უსაშინლეს კაეშანთან შესახვედრად,
ვიდრე სიცილით ყბა გერყევა
და ჯოჯოხეთურ მიწისძვრებად მიმოირწევი!
სიმბოლოები და წინასწარმეტყველებები მე არ მაშინებს,
შენი უძირო სივრცეები და მუქარები
მე არ მაძრწუნებს,
თუმცა კი ძალგიძს უზარმაზარი ქალაქები სპილენძის და ოქროს მკერდქვეშ
დაისამარო, ფერფლად აქციო,
შედედებულ სისხლში მოგუდო!
მე გახლავარ ფუტურისტი_ ყოვლისშემძლე და უძლეველი,
მოუღლელი და გააფთრებული გულით ზეცას ზიარებული.
მე საპატიო სტუმარი ვარ ავრორას სუფრის
და ვტკბები მისი ფერადოვანი ნაყოფის ცქერით,
ბომბების მხრჩოლავ პირამიდებს- შუადღეებს გადავუქროლებ,
სისხლისგან დაცლილ, გაქცეულ ჯარებს, დაისებს მივდევ,
სევდიან და მოვაგლახე მწუხრიჟამებს უკან ვტოვებ.

ეტნა! ვინ შეძლებს ჩემზე უკეთ და გაბედულად
მწვერვალზე როკვას და უდარდელად მიმორბენას
შენი უძირო უფსკრულის თავს,
ჩემს ფეხქვეს რომ- ძალიან შორს-მძვინვარედ ბრდღვინავს?
აი, ვეშვები, წითელი კვამლის შემზარავ ბოლქვებს, 
შენი მხუთავი, გოგირდოვანი სუნთქვის ტალღებს
რომ შევერიო.
მესმის შენი უსაზღვრო მუცლის
მოგუდული გუგუნი და საშინელი გრგვინვა-გრუხუნი;
მიწისქვეშა დედაქალაქნი, მესმის , უფსკრულში
ზათქით როგორ დაინთქმებიან.
მაგრამ მე მიწის ეს უმწეო მრისხანება რას გამაკვირვებს?
ნახშიროვან-კუპრისფერი მისი სუნთქვა ამაოდ ცდილობს
ჩემს ამოგდებას და ღრუბელთა ზემოთ ატყორცნას!
მტკიცედ მიპყრია ხელთ ბერკეტები.
მე ვლივლივებ შენს გულისგულში, შენს ბნელ ხახაში,
მაღალ მთათა მსგავსად ამართულ
შენს გიგანტურ ბაგეებს შორის.
უფრო და უფრო ქვემოთ ვეშვები.
უფრო და უფრო მჭიდროვდება ჩემს გარშემო
შემზარავად დაბერილი შენი ღრძილები...

ო, საკვირველი ეს ტყე , სადაც
მსუბუქი და ცვალებადი კვამლის უცხო და
ბუნდოვანი მცენარეები დამკვიდრებულან!
ხოლო შენ მათ ისე არხევ, როგორც ვეება ცისფერ ულვაშებს...

ო, ვულკანო!
ფოსფორული მეჭეჭებით დატვირთული ეგ ნიღაბი ჩამოიგლიჯე, 
აამოძრავე უზარმაზარი შენი სახის მძლავრი კუნთები,
და იღაღადე, განჭვრიტე და თქვი რამ ჩემი ბედის შესახებ,
მაუწყე - რაა, ჩემი თაობის მიზანი და დანიშნულება?



                                             თარგმნა: დ. ბარბაქაძემ






Tuesday, May 12, 2020

" მაიმუნი, რომელმაც გადაწყვიტა, მწერალი- სატირიკოსი გამხდარიყო"

                                                                                                         (1921-2003  გვატემალა)        ...